ოკუპირებულ ლუგანსკში შესაძლოა რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე "რეფერენდუმი" ჩატარდეს.
საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა, ლეონიდ პასეჩნიკმა თქვა:
"ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეფერენდუმი ჩატარდება, რომლითაც ხალხი გამოიყენებს თავის აბსოლუტურ კონსტიტუციურ უფლებას და გამოთქვამს აზრს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ.
იმედი მაქვს, რომ ლუგანსკელი ხალხი, რომელიც 8 წელია, მუდმივი სროლის ქვეშ, ეკონომიკური და პოლიტიკური ბლოკადის ქვეშ ცხოვრობს, რუსეთთან შეერთებას მხარს დაუჭერს".
ამასთან, რუსი დეპუტატის, ანდრეი კლიშასის თქმით, "დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს უფლება აქვთ, გადაწყვიტონ რუსეთთან შეერთების საკითხი თავიანთი კონსტიტუციის შესაბამისად".
ლუგანსკის გადაწყვეტილებას "რეფერენდუმის" შესახებ მხარი დაუჭირა ოკუპირებული ყირიმის ლიდერმა, სერგეი აკსიონოვმა.
„ჩვენ, ყირიმელები, სრულად ვუჭერთ მხარს დონბასის გმირი ხალხის სურვილს, შეუერთდნენ რუსეთს. რუსეთთან ერთიანობისკენ. სწორედ ეს სურვილი და რუსული სამყაროს - ჩვენი დიდი ცივილიზაციის მიმართ მათი კუთვნილების გაცნობიერება რესპუბლიკებს უკრაინული ნაციზმის წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლაში გადარჩენაში დაეხმარება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონის მცხოვრებს გულწრფელად გაუხარდება, რომ ჩვენი ძმები უზარმაზარ და მეგობრულ რუსულ ოჯახში დაბრუნდებიან". - თქვა მან.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დონეცკის და ლუგანსკის საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელებმა ვლადიმირ პუტინს მიმართეს და დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვეს.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.
ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებმა უკრაინისგან დამოუკიდებლობა 2014 წლის მაისში გამოაცხადეს. რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს კიევი. ორივე ე.წ. რესპუბლიკა აღიარებული აქვს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ცხინვალის რეგიონს.